3 მთავარი რისკი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ კოშკურა ამწის შეძენისას

რაც უკეთ მუშაობს მძიმე ტექნიკა, მით ნაკლები პრობლემა ჩნდება სამშენებლო მოედანზე. პროცესების ეფექტურად მართვისთვის დეველოპერებს სჭირდებათ ხარისხისა და ბიუჯეტის ოპტიმალური ბალანსის პოვნა. განსაკუთრებით, როცა საუბარია კოშკურა ამწის ყიდვა-ქირაობაზე, რაც დიდ კაპიტალდაბანდებასთან ასოცირდება. 

სანამ ამწის მოდელს შეარჩევთ, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის სიღრმისეული შეფასება. აღჭურვილობის სწორად შესარჩევად საჭიროა როგორც საოპერაციო დეტალების, ისე ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული ანალიზი.

მაგალითად, კომპანია BQ ცნობილია იმით, რომ დღეს დეველოპერებს ხარისხისა და ფასის ერთ-ერთ საუკეთესო ბალანსს სთავაზობს. მაგრამ ის, რომ ბიქიუს ტექნიკა ხარისხიანია, არ ნიშნავს, რომ ის სრულად დაზღვეულია ასოცირებული რისკებისგან. ხარისხიანი ტექნიკაც შესაძლოა არასწორად შეირჩეს, რაც შემდგომში სამუშაოების შეფერხებას ან მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანებას იწვევს.

ამ ბლოგში განვიხილავთ სამ ყველაზე გავრცელებულ რისკს, რომელიც კოშკურა ამწის ყიდვასთანაა დაკავშირებული – და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. 

პროექტის სპეციფიკასთან შეუსაბამო ტექნიკის შერჩევა

პირველი და ყველაზე გავრცელებული პრობლემაა პროექტის ინდივიდუალური საჭიროებების არასწორად შეფასება. ყველაზე მძლავრი ან ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის მქონე ტექნიკა შესაძლოა სულაც არ იყოს კონკრეტული პროექტისთვის საუკეთესო არჩევანი.

კოშკურა ამწის ქირაობამდე თუ ყიდვამდე აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ობიექტის სიმაღლე, სამშენებლო მოედნის რელიეფი და ელექტროწყაროს სიმძლავრე – და უკვე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეირჩეს ოპტიმალური მოდელი. 

არასწორად შერჩეული მოდელი არა მხოლოდ დაკისრებულ ამოცანას ვერ ასრულებს, არამედ მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანების საფრთხეს ქმნის. 

საქართველოს ბაზარზე BQ-ს ამწეების დიდი არჩევანი საშუალებას აძლევს დეველოპერებს სამშენებლო პროექტისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური მოდელი შეარჩიონ. მაგრამ წინასწარი აუდიტისა და სწორი დაგეგმარების გარეშე თითქმის შეუძლებელია ისეთი მძიმე ტექნიკის არჩევა, რომელიც ობიექტის არქიტექტურულ და სივრცით გამოწვევებს სწორად პასუხობს.

გრუნტის მახასიათებლებისა და საძირკვლის მოთხოვნების უგულებელყოფა

მეორე მნიშვნელოვანი რისკი თავს იჩენს, როცა არასწორად ან ზედაპირულად აფასებენ სამშენებლო მოედნის გეოლოგიურ ფაქტორებს. ამწის წინასწარი პროექტირება და შემდგომი მონტაჟი გრუნტის მზიდუნარიანობის ზუსტ ანალიზს მოითხოვს. 

ტექნიკის შერჩევისას საძირკვლის სპეციფიკურ მოთხოვნებს ხშირად საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. შეუსაბამო გრუნტზე მძიმე ტექნიკის განთავსება აჩენს გადახრის, მექანიკური დეფორმაციის და, ზოგჯერ, ამწის დავარდნის რისკებს. მყარი საყრდენის გარეშე იზრდება შანსი ამწემ წონასწორობა დაკარგოს. რაც უფრო დიდი სიმძიმის ტვირთის გადატანა უწევს ამწეს, მით მაღალია ეს შანსი, განსაკუთრებით თუ გარემო პირობებიც არასახარბიელოა (მაგ. ხშირია ძლიერი ქარი). 

ასეთი დისბალანსი მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანების პირდაპირი წინაპირობაა. სამშენებლო მოედნის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, ტექნიკის პარამეტრები თანხვედრაში იყოს გეოლოგიურ რეალობასთან.

დეტალების ცვეთის უგულებელყოფა, დაგვიანებული რეაგირება და სათადარიგო ნაწილების დეფიციტი

მესამე პრობლემა დღეს უკვე ნაკლებად გხვდება, თუმცა ზოგჯერ მაინც გვაქვს საქმე დეტალების ცვეთის უგულებელყოფასთან. ბევრ დეველოპერს გონია, რომ რადგან ამწე გამართულად მუშაობს, შეუძლია რამდენიმე კვირით ან თვით გადადოს ინსპექცია, რათა სამუშაოები არ შეაჩეროს. საბოლოოდ კი, პირიქით, უფრო დიდი ხნით პაუზდება. 

ინტენსიური დატვირთვის დროს ისეთი დეტალები, როგორც ბაგირები, მუხრუჭები და ელექტრონული ენკოდერები აუცილებლად ცვდება. BQ-ს გამძლე მასალებისგან დამზადებულ ამწის ნაწილებს საშუალოდ უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ჩანაცვლებაც აუცილებელი ხდება. 

მძიმე ტექნიკასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების წინასწარ შეფასება და მათი შემცირების სტრატეგიის შემუშავება სამშენებლო პროექტის წარმატებისთვის აუცილებელია. ობიექტური გარემოებების გათვალისწინება, რეგულარული ტექნიკური ინსპექცია და დროული რეაგირება საგრძნობლად ამცირებს ტექნიკური ხარვეზების ალბათობას. კომპლექსური მიდგომა ერთადერთია, რაც სამუშაოების დათქმულ დროში, შეუფერხებლად დასრულების გარანტიას ქმნის.